მამუკა მდინარაძე: არ არის გამორიცხული, პარტიის შედეგი გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე ეგზიტპოლის 55 %-იანი მაჩვენებელია

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, საპარლამენტო არჩევნებში პარტიის შედეგი გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე ეგზიტპოლის მიხედვით 55-პროცენტიანი მაჩვენებელია.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემის გამოყვანას სჭირდება გარკვეული დრო, ეგზიტპოლის ჩამტარებელი რგოლი მუშაობს მაქსიმუმ 5-6 საათამდე.

„არ არის გამორიცხული, რომ „იმედის“ მიერ გამოცხადებულ მონაცემებსაც კი, ზემოთ აცდეს ჩვენი შედეგი, რადგან ჩვენ განსხვავებით წინა წლებისგან ჩვენი პარტიული აქტივი დავაორგანიზეთ, ვინც ხმების მობილიზებაში მონაწილეობდნენ, დავაორგანიზეთ 17:00 საათის შემდეგ. პარტიული აქტივის 80 პროცენტმა უბნებზე ხმა მისცა ხუთი საათის შემგდომ. თქვენ იცით, რომ ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემის გამოყვანას სჭირდება გარკვეული დრო, ეგზიტპოლის ჩამტარებელი რგოლი მუშაობს მაქსიმუმ 5-6 საათამდე, აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ამის შემდეგ ჩვენი შედეგები გაცილებით გაუმჯობესდეს, თუმცა ამაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ, მე ამ პოზიტიურ მოლოდინს შემთხვევით არ ვახმოვანებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ოთხივე ეგზიტპოლში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მეორე ადგილზეა, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“. „იმედის“ ეგზიტპოლით, რომელიც არის 18:00 საათის მონაცემები, პროპორციული წესით პირველ ადგილზე გავიდა „ქართული ოცნება“ 55 პროცენტით, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ 23 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილს სამი პროცენტით იყოფენ „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები