„იმუშავე საქართველოდან” – Thrillist-ი ამერიკელებს საქართველოში ცხოვრებას ურჩევს

პოპულარული ამერიკული სამოგზაურო გამოცემა – Thrillist 13 საუკეთესო ქვეყანას აღწერს, სადაც ამერიკის მოქალაქეებს ცხოვრებას ურჩევს. სტატიაში ესპანეთის, გერმანიის, არგენტინის, ახალი ზელანდიის, კანადის, ტაილანდისა და სხვა პოპულარული ტურისტული ქვეყნების გვერდით საქართველოც მოხვდა.
ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Thrillist-ის ჟურნალისტი საქართველოში ჩამოსასვლელად მკითხველს „იმუშავე საქართველოდან” პროექტის გამოყენებას ურჩევს.

„საქართველო მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა დისტანციურად მომუშავეთათვის. მოგზაურებს საქართველოში ტურისტული ვიზით ერთ წლამდე დარჩენა შეუძლიათ, მაგრამ საქართველოს მთავრობამ სავიზო მოთხოვნები შეამსუბუქა და ახალი პროგრამით „იმუშავე საქართველოდან” უცხოელებს საშუალება აქვთ, საქართველოდან დისტანციურად იმუშაონ და 1 წელი ამ ქვეყანაში სრულად გაატარონ, ​თუ შემოსავალი თვეში მინიმუმ 2 ათასი დოლარი აქვთ”, – წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ საქართველო მოგზაურებს კავკასიონის მთებით, ქართული კულინარიით, ღვინითა და ხელმისაწვდომი ფასებით იზიდავს.

ცნობისათვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის “იმუშავე საქართველოდან” ფარგლებში 27-აგვისტოდან 25 ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნის 1,100-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.

წყარო – https://www.thrillist.com/travel/nation/best-countries-for-american-expats

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები