ნიცის ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს – ქვეყნის შს მინისტრი აცხადებს, რომ მსგავსი თავდასხმა შესაძლოა, განმეორდეს
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტერაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა, ის 47 წლის მამაკაცია.
ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეკომპანია – BFM ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, მას თავდამსხმელთან კონტაქტი ჰქონდა ტერაქტამდე ერთი დღით ადრე.
ამასთან, საკითხის კომენტირებისას ქვეყნის შს მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა, რომ 29 ოქტომბერს ქალაქ ნიცაში თავდასხმის მსგავსი შემთხვევები ქვეყანაში კიდევ განმეორდება.
„ჩვენ ომი გვაქვს მტერთან, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთაც არის. უნდა გვესმოდეს, რომ იყო და კიდევ იქნება ასეთი საშინელი თავდასხმები“, – განაცხადა ჟერალდ დარმანენმა.
მინისტრის თქმით, მოსალოდნელია, რომ მსგავსი თავდასხმები კიდევ უფრო გახშირდება, რადგან საფრანგეთი ისლამისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ იბრძვის.
29 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. ის წარმოშობით ტუნისელი, 21 წლის მამაკაცია, რომელიც საფრანგეთში 9 ოქტომბერს იტალიიდან ჩავიდა.