გიორგი გახარია – გორთან მომხდარ ავარიაზე: ვუსამძიმრებ ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს, განსაკუთრებულად, ოჯახებს
“მე ხაზგასმით მინდა, მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს – ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას გუშინ, გვიან ღამით გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ.
„პირველ ყოვლისა, მინდა, გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ გორის მახლობლად დატრიალდა. რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს. მე ხაზგასმით მინდა, მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.