„რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტს, ამ კუთხითაც ყველა არჩევნებს შეეხო ეს. ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტარების ბოლო განცხადება იმის თაობაზე, რომ 7 კაციანი ჯგუფი ვეღარ ახერხებს ჩამოსვლას საქართველოში თუმცა, ჩვენ გვეყოლება სხვა დამკვირვებლები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, გლობალური პანდემია შეეხო არ მარტო საქართველოს არამედ, ყველა ქვეყანას. ჩვენ გვიწევს ახალ რეალობასთან ადაპტაცია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები და მათაც, როგორც საქართველოს, მოუწია გარკვეული წესების შეცვლა და ახალ რეალობასთან შეგუება.
კუჭავას თქმით, ოდირის მიერ იდენტიფიცირებული იქნა, რომ არსებობენ გარკვეული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან.
„ჩვენ გავაკეთეთ პატარა ანალიზი და კატალოგი დაურიგდება ყველას, რადგან ყველამ უნდა იცოდეს რეალურად ისინი ვისაც თავი მოაქვთ, რომ არიან დამოუკიდებლები – რამდენად არის პირდაპირ კავშირში ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან, გამგეობის წევრობიდან დაწყებული, დამფუძნებლები და დღესაც, ამა თუ იმ ორგანიზაციის აქტიური წევრები, რომლებიც უნდა გამოვიდნენ და გააკეთონ განცხადებები რომ არიან დამოუკიდებელი დამკვირვებლები. ისინი საჩივრებით თუ განცხადებებით შეეცდებიან გარკვეული დისკრედიტაცია მოახდინონ იმ არჩევნების, რომელსაც ჩვენ ნამდვილად თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩავატარებთ. ეს ინფორმაცია, რასაც თქვენ აქ ნახავთ არის სრულიად საჯარო, ეს არის მოპოვებული სხვადასხვა ოფიციალური ვებგვერდებიდან, ფეისბუქ-პოსტებიდან, იუთუბ არხებიდან და ა. შ. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ შეიძლება საჯაროდ იყოს ცნობილი და თქვენთვის ხელმისაწვდომი არ იყოს”, – განაცხადა ვიცე სპიკერმა.
მისი თქმით, უზრუნველყოფილი იქნება რომ შეგროვებული ინფორმაცია მიეწოდოს იმ საერთაშორისო დამკვირვებლებს რომლებიც ქვეყანაში არჩევნებისთვის ჩამოდიან და მათაც, ვინც უკვე აქ არიან, ასევე, ეს ინფორმაცია მიეწოდებათ საელჩოებსაც და ყველა დაინტერესებულ პირს. მისი განმარტებით, იყო ასეთი პრაქტიკა, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლებს თავიანთ ანგარიშებში გარკვეული განცხადებების ჩაწერა მოუწიათ, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა რომ იყო სიცრუე.
„ზუსტად ამის პრევენციას ემსახურება ეს, წინასწარ იცოდეს ყველამ, ვინ რომელ პოლიტიკურ ძალასთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებულ სხვადასხვა განცხადებას არ შეიძლება პირდაპირ ვენდოთ. ეს უნდა გადამოწმდეს სანამ ამა თუ იმ ანგარიშში მოხვდება. აქ ასევე, მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით დაგვენერგა დემოკრატიის ის სტანდარტი, როდესაც ნებისმიერი ორგანიზაცია, მათ შორის სუბიექტურად განწყობილი – იყოს თუნდაც დამკვირვებელი ან მიოღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა საუბარია იმაზე, რომ ეს ინფორმაცია იყოს გაცხადებული. გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზუსტად ის ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ გამჭირვალობას ამ ქვეყანაში – დაინტერესდებიან, შეისწავლიან და შემდგომ თავიანთ აზრსაც დადებენ ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კახა კუჭავამ.
საპარლამენტო უმრავლსობის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიები, შეეცდებიან მოიძიონ მათ შორის, „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ორგანიზაციები.
„ფაქტი ერთია. ის, რომ დაკავშირებულია რომელიმე ორგანიზაცია, რომელიმე პარტიასთან – ეს კანონდარღვევა არ არის. მათ ამის უფლება აქვთ. მთავარია, ვინ როგორ იყენებს ამ სტატუსს – ეს არის მნიშვნელოვანი. როდესაც ამბობ, რომ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისია ხარ და შემდგომ აკეთებ ისეთ განცხადებას, რომელიც პირდაპირ, ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს და ცდილობ ამით არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო – ეს არის პრობლემა”, – განაცხადა კახა კუჭავამ.