ჩვენი, როგორც პოლიტიკური პარტიის, მთავარი დაპირებაა, რომ 2024 წლისთვის საქართველო შეძლებს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ტელეკომპანია FOX-ის ახალი ამბების რადიოინტერვიუს დროს განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატია არის მოგზაურობა, რომელიც უნდა გაგრძელდეს, რათა შეიქმნას უფრო მაღალი სტანდარტები არა მხოლოდ მედიის, არამედ სხვა მრავალი მიმართულებით.
„გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, აჩვენებს კონკრეტულად, რა შედეგების მიღწევა შეიძლება. ჩვენ გაგვაჩნია ბევრად უფრო ამბიციური გეგმა და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, როგორც პოლიტიკური პარტიისა, 2020 წლის არჩევნებისთვის, არის ის, რომ 2024 წლისთვის საქართველო შეძლებს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ სტანდარტები, უნდა გავაუმჯობესოთ პრაქტიკა და მოვახდინოთ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და დირექტივების საფუძველზე. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად ვეცდებით მსგავსი სტანდარტების დანერგვას, იქნება ეს მედიის თუ სხვა მიმართულებით“, – განაცხადა კუჭავამ.
როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ევროპელი მეგობრებისთვის და სტრატეგიული პარტნიორებისთვის საქართველო ისტორიულად ყოველთვის მათი მოკავშირე იყო, რაც რეგიონალური, სტრატეგიული მნიშვნელობის თვალსაზრისით, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო კავკასიის რეგიონისთვის.
„რეგიონში და ზოგადად ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, საქართველომ, დაამტკიცა, განსაკუთრებით კი დემოკრატიის კუთხით, რომ სამაგალითოა. მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობისკენ განვლილი გზა, რას მივაღწიეთ ამ ბოლო 30 წლის – დამოუკიდებლობის განმავლობაში, რა მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, როგორც ქვეყანამ, რომელიც გახდა შეერთებული შტატების, ევროპული ქვეყნების და ევროპის კავშირის სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, არის ძალიან ახლოს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობასთან ბოლო დროს მიღებული შეფასებებით, როგორც ნატო-ს სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის, ასევე ევროპულ გზაზე გასავლელ ნაწილში. ძალზედ მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლური პარტნიორებისთვის საქართველო, როგორც მათი მოკავშირე რეგიონში. მჯერა და დარწმუნებული ვარ ამაში, არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი პარტია და ჩვენი მომხრეები. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ასე დარწმუნებულები ვართ, არის ის შედეგი, რომელიც ბოლო რვა წლის განმავლობაში მივაღწიეთ“, – განაცხადა კუჭავამ.
მისივე თქმით, საქართველოში არჩევნებს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და რუსეთი შეეცდება არჩევნებში ჩარევას მრავალი გზით, მაგრამ საქართველოს მთავრობა მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს მსგავსს აგრესიას.
„შემიძლია დავარწმუნო ყველა, ჩვენ საკმარისი ზომები მივიღეთ, არა მხოლოდ ახლა, არამედ ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი ჩარევა შეუძლებელი ყოფილიყო რუსეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხრიდან. მნიშვნელოვანია, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებსაც მსოფლიო და არა მხოლოდ საქართველო აწყდება COVID–ს სახით, ჩვენ, როგორც მმართველი პარტია, მთავრობა, ვალდებული ვართ, ვუზრუნველვყოთ თითოეული ხმის დათვლა, რომ ყველა თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დროს. განვმეორდები, რომ ჩვენი მთავარი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, ჩავატაროთ ყველაზე თავისუფალი, ღია და სამართლიანი არჩევნები, რაც ოდესმე ჩატარებულა საქართველოში. არჩევნების დღეს არაერთი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება არჩევნებს, რომლებიც საქართველოში როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიების ფარგლებში იმყოფებიან, მათ შორის წარმომადგენლები ევროკავშირის ქვეყნებიდან. სავსებით დარწმუნებული ვარ, ბევრი პოზიტიური შეფასება გაკეთდება მათი მხრიდან ამ მხრივ. ცოტა ხნის წინ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ოფისმა წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად არის ამაღლებული სტანდარტები, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, გარდა იმისა, რომ პოლარიზებულია პოლიტიკური გარემო, პირველ ნოემბერს გვექნება იმის თქმის საშუალება, რომ ჩავატარეთ ძალიან დემოკრატიული, ძალიან სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა კახა კუჭავამ.