გიორგი ვოლსკი: კონკრეტული ტელევიზიების სტრატეგიული მიზანი არის ხელისუფლებისათვის ჩრდილის მიყენება

„კრიტიკულ მედიასთან დაკავშირებით კარგად ხედავთ, საკმაოდ კრიტიკულებიც ხართ, ხშირ შემთხვევაში ზღვარგადასული შეფასებებიც ისმის კონკრეტული მედიისაგან, მაგრამ არავის არასოდეს არ შეუზღუდავს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თითქოს ტვ პირველის დამფუძნებლის მამის მიმართ იყო მუქარა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით.

ვოლსკის შეფასებით, ეს არის მოგონილი აბსურდი, რომელსაც ლოგიკაც კი არა აქვს, მაგრამ ამ აბსურდის ტირაჟირება არის ჩამოყალიბებული სტრატეგიული გეგმა, რასაც წარმატებით ახორციელებენ კონკრეტული ტელევიზიები.

„რაც შეეხება ორი ადამიანის შეხვედრას, წარმომიდგენია რა იდიოტი უნდა იყოს ნებისმიერი, ვინც შეხვდება კონკრეტულ ადამიანს და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოითხოვს და თან იმედი ექნება, რომ ამასთან დაკავშირებით დამფუძნებელი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მით უმეტეს ტელევიზია, რომლის სარედაქციო პოლიტიკასაც კარგად ვიცნობთ, შეიცვლის პოზიციას. ეს არის მოგონილი აბსურდი, რომელსაც ლოგიკაც კი არა აქვს, რომ საფუძვლად დაედოს ვინმემ შეაცვლევინოს სარედაქციო პოლიტიკა ლისის ტბაზე თუ კუს ტბაზე დახვედრით ადამიანს, ეს არის აბსურდი, მაგრამ ამ აბსურდის ტირაჟირება არის ჩამოყალიბებული სტრატეგიული გეგმა, რასაც წარმატებით ახორციელებენ კონკრეტული ტელევიზიები. ეს ხომ ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ სახელის გატეხვას ცდილობენ ადამიანების, რომლებიც ხელისუფლებაში იმყოფებიან და რომლებმაც მიაღწიეს ძალიან მაღალ მაჩვენებელს მედია თავისუფლების რეიტინგებში, იმდენად მაღალ მაჩვენებელს, რომ წინ უსწრებენ ბევრ განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, კონკრეტული ტელევიზიების სტრატეგიული მიზანი არის ხელისუფლებისათვის ჩრდილის მიყენება და ამ მიზანს არანაირი გამართლება არ აქვს.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები