გიორგი ვოლსკი: უამრავი „პოლიტიკური სვავი” ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი
„პოლიციამ უდავოდ გაართვა თავი ამოცანას, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ზუგდიდის ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, თუ როგორ უხელმძღვანელა ზუგდიდის ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრმა.
„დანაშაულებები, სამწუხაროდ, ხდება არამარტო საქართველოში და ფაქტია, რომ პოლიციამ გაართვა თავი ამოცანას, არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები. საკმაოდ კარგად უხელმძღვანელა ამ ოპერაციას, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს, ვახტანგ გომელაურმა, რომელიც იქ იყო, ზუგდიდში, და ნებისმიერი დანაშაული იქნება აღკვეთილი. ვფიქრობ, ამ თემიდან პოლიტიკური დივიდენდის მიღება არის უზნეობა, ვინაიდან ვხედავთ, რომ უამრავი „პოლიტიკური სვავი” ხეზე შემომჯდარი, ელოდება როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს და ეს როგორმე განავითაროს თავისი პოლიტიკური მიზნების სტრატეგიული მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი დანაშაულის სტატისტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას.
“რაც შეეხება სტატისტიკას, რაზეც ერთბაშად აფეთქდა ოპოზიციური პარტიები და მათი მედია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მძიმე დანაშაულობების რაოდენობა, როგორიცაა ყაჩაღობა 2,5-ჯერ არის შემცირებული იმ პერიოდთან შედარებით, როცა ეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მართავდნენ ქვეყანას, მძიმე დანაშაულებები, როგორიცაა მკვლელობა, შემცირებულია 2-ჯერ, 2,5-ჯერ არის შემცირებული მკვლელობის მცდელობა და ყაჩაღობა, ბანდიტიზმი შემცირებულია ასევე მნიშვნელოვნად – 3-ჯერ. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი რაოდენობა გახსნილი საქმეებისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ასევე გაშუქება მედიაში”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და დანაშაულთან ბრძოლის საქმეში პოლიციელებს წარმატებები უსურვა.