ირაკლი კობახიძე: საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს
“განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა ქმედებებმა ხელი არ შეუშალონ დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას”, – ამის შესახებ ,, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკში” მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს, ასეთი ვითარებაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. კობახიძისვე თქმით, გამაოგნებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან.
,,გვინდა, მოკლე განცხადება გავაკეთოთ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის მთავარი სურვილი მძევლების რაც შეიძლება სწრაფად, უვლებლად გათავისუფლებაა.
მთავარია, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა.
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა ქმედებებმა ხელი არ შეუშალონ დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას.
სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს, ასეთი ვითარებაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. ეს არის პოლიტიკური მოროდიორობა, რასაც ჩვენ მათგან, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, მიჩვეული ვართ.
საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს.
გამაოგნებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან. ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია, რაზეც დღეს თქვენ ყურადღებას აღარ შევაჩერებთ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ყველას პასუხისმგებლობაა, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში მძარცველი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.