ლაშა დარსალიამ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის – The HALO Trust-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის – HALO Trust-ის რეგიონალურ დირექტორთან, ნიკ სმარტთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და The HALO Trust-ს შორის თანამშრომლობის საკითხები. HALO Trustის წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის, აფხაზეთის რეგიონში გაწეულ საქმიანობასა და Covid-19-თან ბრძოლის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა პანდემიის ფონზე საერთაშორისო პარტნიორების კიდევ უფრო მეტად ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა HALO Trust-ის რეგიონალურ დირექტორს ორგანიზაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განაღმვით სამუშაოებსა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის.
შეხვედრის დასასრულ, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.