პირს, რომელმაც დოდო გუგეშაშვილის შვილი მოკლა და მისი განზრახ მკვლელობა სცადა, 20 წლით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, ზ. მ-ს მიმართ დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

“საქმე ეხება 2018 წლის 7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე საცხოვრებელ სახლში განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას, რა დროსაც ბრალდებულმა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დამიზნებით რამდენჯერმე გაისროლა ჯერ დედის, ხოლო შემდეგ შვილის მიმართულებით და მათ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაზიანებების შედეგად, გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილს გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

ნაფიცმა მსაჯულთა სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია ზ.მ-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი.
მათ გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, სათათბიროდ გასვლიდან ორ საათში მიიღეს და ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 20 წლით  აღკვეთა განუსაზღვრა.

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები