სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებენ, რომ მოსკოვში მოლაპარაკებების გამართვისთვის მზად არიან.
ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერმა “ტასს”-თან საუბარში განაცხადა.
“მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, ეს ჩვენი პოზიციაა. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მზად ვარ, ყველა ღონე ვიხმარო, რომ ასეთ შედეგებს მივაღწიო, მათ შორის, ჩავიდე, შევხვდე, ვესაუბრო”, – თქვა ფაშინიანმა კითხვაზე საპასუხოდ – არის თუ არა მზად მოსკოვში ჩასვლისთვის.
ამასთან, სომხეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ყარაბაღს კონფლიქტის მოგვარება კომპრომისს უნდა ეყრდნობოდეს, “არა რომელიმე მხარის კაპიტულაციას, არამედ – კომპრომისს.
თავის მხრივ, ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე მზად არის შეხვედრისთვის მოსკოვში ან სხვა ნებისმიერ ადგილას, რომ წერტილი დაუსვას კონფლიქტს და მოგვარების გზები იპოვოს. მისი თქმით, ბაქოში ნებისმიერი კონტაქტებისთვის არიან მზად.
“ამ შემთხვევაში, ამგვარი წინადადება არ მიმიღია, ამიტომ, კითხვა ჩემთან არ არის. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და მანამდე დიმიტრი მედვედევს გაუმართავთ სამმხრივი შეხვედრები, მაგრამ იმის შემდეგ, რაც სომხეთის ხელისუფლება პირობითი “სოროსელის” ხელში გადავიდა, ასეთი კონტაქტები შეწყდა”, – თქვა ალიევმა.