დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – დავით გარეჯზე: ძალიან ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება
“ძალიან ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება. შესაძლოა, რომ ეს ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბარი 15 წელია, მიმდინარეობს.
„ჩვენ ხომ წინასაარჩევნო გეგმებში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ ხომ 15 წელია, ამაზე ვლაპარაკობთ. გუშინ ვუსმინე დავით ხიდაშელს და მან თქვა, რომ დოკუმენტაცია ჩამოიტანა აგვისტოში და გადასცა თავდაცვის სამინისტოს. მერე თვითონ მიადევნეთ თვალი. ძალიან არასწორი და ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება. შესაძლოა, რომ ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს ამ მიმართულებით გასარჩევი საკითხი. დაველოდოთ, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და ვნახოთ, რა იქნება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი – ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.