ილია მეორე: ჩვენ ღვთისგან მრავალი სასწაულით ვართ დაჯილდოებულნი, იმედია, ქართველი ხალხი დაძლევს განსაცდელს, ავადმყოფობას, რომელიც მძვინვარებს
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა. ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქი იმედოვნებს, რომ საქართველო, ქართველი ხალხი ამ განსაცდელს დასძლევს.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ ღვთისაგან დაჯილდოებულნი ვართ მრავალი სასწაულით. შემთხვევით არ არის ის მოვლენა, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი ხალენი წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა. ის ხალენი აქ არის დაკრძალული. შემთხვევით არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა, ჩამოტანილი იქნა კვართი მაცხოვრისა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბევრი მოგვეკითხება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა, ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს. იმედია, რომ საქართველო, ქართველი ხალხი დასძლევს ამ განსაცდელს. მე განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ხელისუფლებას და ვთხოვ, მიულოცონ მრევლს, ხალხს ეს დღესასწაული“, – აღნიშნა პატრიარქმა.