გიორგი მშვენიერაძე: ივერი მელაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი განმარტებები მოგვცა საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის, დელიმიტაციის პროცესზე

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილს ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატები შეხვდნენ.

უფლებადამცველების თქმით, ივერი მელაშვილის პოზიცია უცვლელია და თავს უდანაშაულოდ თვლის.

“ჩვენი საუბარი გამყოფი შუშის ფარგლებში შედგა და ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე ვისაუბრეთ. ასეთი შეხვედრა ქმნის გარკვეულ დისკომფორტს მასალების დამუშავებისას, განსაკუთრებით კი, რუკებთან მუშაობასთან დაკავშირებით. შევთანხმდით იმაზე, რომ ადმინისტრაციას წერილობით მივმართავთ, ასევე, იმაზე, რომ კარანტინის დასრულებამდეც მოგვეცეს მსგავსი შეხვედრების საშუალება. ბატონი ივერი მზად არის, თუნდაც სამარტოვო საკანში იყოს გადაყვანილი იმ მიზნით, რომ სხვა პატიმრებისთვის საფრთხე არ შექმნას. მან ძალიან მნიშვნელოვანი განმარტებები მოგვცა მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, მათ შორის, დელიმიტაციის პროცესზე. იმ რისკებზე, რომელიც ახლავს უსუსურ მცდელობას, თითქოს, შეხვედრებში 200 000-იანი მასშტაბის რუკები იყო გამოყენებული, მოგვიანებით ვისაუბრებთ, რადგან დეტალები გვაქვს დასაზუსტებელი”, – აცხადებს “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე.

​შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი – ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები