ბექა ფერაძე: სამარშრუტო ტაქსებსა და მიკროავტობუსებზე ზედამხედველობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, სამარშრუტო ტაქსებსა და მიკროავტობუსებზე ზედამხედველობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მიკროავტობუსებს, ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ უკვე საკმაოდ აქტიურად ვახდენთ ზედამხედველობას და არ ხდება ავტობუსის დაძვრა, ვიდრე არ გაიკეთებს კონკრეტული მგზავრი პირბადეს, გეგმური შემოწმებისას ხდება ასეთი მგზავრის ჩამოსმა ავტობუსიდან ან შესაბამისი სანქცირების გატარება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ არაერთგზის მოვუწოდებთ სხვადასხვა კომპანიას, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს, რომ ეს არის აუცილებელი მათივე უსაფრთხოებისთვის, ასევე, ზოგადად ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის.
სამწუხაროდ, კრიტიკული დარღვევების შემთხვევებიც არის. ასეთი იყო მიმდინარე თვის განმავლობაში ათამდე ობიექტი, სადაც ასევე გამოვიყენეთ სანქცირების მექანიზმი – ეს არის 2 000 ლარი ფიზიკური პირის მიმართ, იურიდიული პირის მიმართ კი 10 000 ლარი“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.