მეუფე ნიკოლოზი – დავით გარეჯზე: ვიღაცას გადავაბრალოთ, რომ რუკა დამალა, ფული აიღო, აქედან არაფერი გამოვა, დრო გავა და ყველაფერს გავიგებთ
“დავით გარეჯის უდაბნო ქართველების საკუთრებაა”,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დრო მოვა და დავით გარეჯის საკითხზე ყველა ყველაფერს გაიგებს.
„პრინციპულად არ ვეთანხმები ასეთ დამოკიდებულებას, რასაც დღეს ვხედავთ. დავით გარეჯის უდაბნო იყო ყოველთვის საქართველო, ყოველთვის ქართული მონასტერი იყო და ეს მიწა ყოველთვის ქართული მიწა იყო. მცდელობა – ვიღაცას გადავაბრალოთ, რომ ვიღაცამ რუკა დამალა, ვიღაცამ ფული აიღო, არაფერი აქედან არ გამოვა. ეს არის პირდაპირი აგრესია, მე ასე ვხედავ, თუმცა, არ ვიცი, საიდან და როგორ. სახარებაში წერია „არა არს დაფარული, რომელი არაგაცხადდეს“, ცოტა დრო გავა და ყველანი ყველაფერს გავიგებთ. გარეჯის უდაბნო ქართველების საკუთრებაა. დავით გარეჯელი ჩამოვიდა სირიიდან და შექმნა ეს საოცარი საუნჯე, საოცარი სამყარო და ამას ვერავინ წაგვართმევს.
რაც შეეხება რუსეთს, ახალი ამბავი არ არის, რომ მეზობელი სახელმწიფოა, რომელსაც ინტერესი აქვს საქართველოში, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. 21-ე პროცენტს დაიმატებს თუ არ დაიმატებს ამით არსი მოვლენების არ იცვლება“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი – ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.