ფორბსი: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ შეხვედრის საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს ტურიზმის, როგორც გლობალური ვაჭრობის მამოძრავებელ ძალის მნიშვნელობას

,,შავიზღვისპირეთში, კავკასიის ქედებს შორის მოქცეულმა საქართველომ ახლახან, 15-17 სექტემბერს, უმასპინძლა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციას, რომელიც ჩატარდა COVID-19-თან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვით. ეს გახლდათ ორგანიზაციის პირველი არა ვირტუალური ღონისძიება პანდემიის პირობებში. 2 კვირის წინ გაიმართა გაეროს გენერალური ასამბლეა ვირტუალურ რეჟიმში,- ,,ფორბსის სტატიას სახელწოდებით ,, პანდემიის მიუხედავად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სხდომა საქართველოში ჩატარდა” აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს შერჩევა არა ვირტუალური, პირისპირ შეხვედრის ჩასატარებლად 2 მიზეზითაა საინტერესო – პირველი ის, რომ საქართველო ჯერჯერობით კარგად მართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს და მეორე, ეს ღონისძიება წარმოაჩენს საქართველოს, როგორც დასავლური ორიენტაციის ქვეყანას მისწრაფებებით ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ.

ავტორის თქმით, საქართველო ასევე არის ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს.

,,ეს იყო გაეროს პირველი მასშტაბური შეხვედრა საზღვარგარეთ. ჯერჯერობით საქართველო კარგად მართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს – გადადგმულია სწრაფი ნაბიჯები და უზრუნველყოფილია მკაფიო რეკომენდაციები და ტესტირება, თუმცა, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოში (პატარა ქვეყანა, რომლის მოსახლეობა შეადგენს 3.7 მილიონს) დღეს შეიმჩნევა ინფიცირების შემთხვევათა ზრდა. 7 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულ შემთხვევათა ჯამური რაოდენობა დაახლოებით 10 000 იყო. გარდაიცვალა 63 ადამიანი. ესპანეთის საზღვრებს გარეთ პირველი ყოველწლიური კონფერენციის ჩატარებით გაერომ გააჟღერა გზავნილი, რომ მას პანდემია ვერ შეაჩერებს და იგი განაგრძობს ცხოვრებას ჩვეულ რიტმში. ეს ღონისძიება წარმოაჩენს საქართველოს, როგორც დასავლური ორიენტაციის ქვეყანას მისწრაფებებით ნატოსა და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, რომელიც ცდილობს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას. თბილისსა და ვაშინგტონს შორის კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, საქართველო არის ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. რაც შეეხება ტურიზმის ინდუსტრიას, მხოლოდ 2019 წელს საქართველომ უმასპინძლა 9.4 მილიონ საერთაშორისო სტუმარს”,- ნათქვამია სტატიაში.

როგორც გამოცემა წერს, ტურიზმი შეადგენს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8.1%-ს. მისი თქმით, პალმებით სავსე ზღვისპირა ბათუმი წარმოადგენს გლობალური მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების ისტორიას უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს გლობალური ტურიზმის პროგნოზებზე და წერს, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ თავისი შეხვედრის საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს ტურიზმის, როგორც გლობალური ვაჭრობის მამოძრავებელ ძალის მნიშვნელობას.

,,როგორც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა ხსენებულ ღონისძიებაზე, „დღეს შესაძლებელია უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით მოგზაურობა მსოფლიოს ბევრ კუთხეში. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობებმა მჭიდროდ ითანამშრომლონ კერძო სექტორთან, რათა გლობალური ტურიზმი ისევ ამოქმედდეს”. მიუხედავად ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოგზაურობა მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად დაეცა პანდემიასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. ივნისში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ, 2019 წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით, იკლო 93%-ით. თბილისის კონფერენციაზე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გაცხადებული მონაცემებით, პანდემიამ ძალიან უარყოფითად იმოქმედა ამ სექტორზე. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მსოფლიო ტურიზმის ბარომეტრის ბოლო მონაცემებით, 2020 წლის 1-ლ ნახევარში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 65%-ით იკლო. რაც შეეხება საქართველოს, ტურიზმი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8.1%-ს. პალმებით სავსე ზღვისპირა ბათუმი წარმოადგენს გლობალური მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების ისტორიას უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. აქ Sheraton და Hilton სასტუმროს ნომრების ფასები დღე-ღამეში 300 დოლარს აღემატება. ყოველივე ეს კი ნიშნავს მნიშვნელოვან შემოსავალს პატარა ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ ჩაატარა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ თავისი შეხვედრა საქართველოში, რათა ხაზი გაუსვას ტურიზმს, როგორც გლობალური ვაჭრობის მამოძრავებელ ძალას. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სესია დაიხურა და, რამდენადაც ცნობილია, არცერთი დიპლომატი თუ თარჯიმანი არ დაინფიცირდა. ეს არის ბიზნესსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის და გონივრული ზრუნვისა და სტრატეგიების თანაარსებობის კარგი მაგალითი”,- წერს ,,ფორბსი” .

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველო, თავისი მთებისა და შავიზღვისპირა პლიაჟების წყალობით, იქცევა მსოფლიო დონის ტურისტულ ცენტრად და გურმანები მთელ მსოფლიოში კარგად იცნობენ ადგილობრივ სამზარეულოს, ხოლო ქვეყნის მეღვინეობის ისტორია ათასწლეულებს ითვლის.

მისი თქმით, საქართველო არ არის აქციების ინდივიდუალური ბროკერების ბაზარი და ეს ბაზარი განკუთვნილია ფასიანი ქაღალდების სფეროს წამყვანი ინსტიტუტებისთვის, უფრო კონკრეტულად კი – კორპორატიული ინვესტორებისთვის.

,,კორპორატიული ინვესტორების შემოსვლასთან ერთად, საქართველო უფრო მომხიბვლელი ხდება ფასიანი ქაღალდების გლობალური ბაზრის თვალსაზრისით, რადგან უოლ-სტრიტი ხედავს, რომ ისინი აქ შემოდიან და რეალურ ფულს აკეთებენ. შავიზღვისპირა პორტების ლოგისტიკური განვითარება, დიდი ალბათობით, საქართველოში ინვესტიციების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, – აცხადებს ჯარედ გატრი, Commonwealth Frontier Advisors-ის თანამფლობელი და დირექტორი. მისი კომპანია საქართველოში მზარდი საინვესტიციო პორტფელით გამოირჩევა. „ამ პორტების წყალობით, იზრდება საქართველოს წვდომა გლობალურ ეკონომიკაზე და ქვეყანა იქცევა კარიბჭედ ევრაზიის გულში განლაგებული, ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის, – ამბობს გატრი, – ეს პორტები ცხადყოფს საქართველოს მზარდ ეკონომიკურ და ბიზნესგარემოს”. მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში საქართველო მე-7 ადგილზეა. ეს ინდექსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა, განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან ეს არის საუკეთესო და ყველაზე ლაკონური შეთავაზება კორპორატიული ინვესტორების მოსაზიდად. გასაოცარია, მაგრამ ამ ინდექსში საქართველო მხოლოდ 1 ადგილით ჩამორჩება აშშ-ს (მე-6 ადგილი). Heritage Foundation-ის თავისუფლების ინდექსში კი საქართველო მე-12 ადგილზეა და, რაოდენ მოულოდნელი უნდა იყოს, უსწრებს ევროპულ სახელმწიფოთა უმრავლესობას, აშშ-ს (მე-17 ადგილი) და, მითუმეტეს, ჩინეთს (103-ე ადგილი). მშრომელებს, მათ შორის საჯარო მოხელეებს, შეუძლიათ დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება და ერთობლივად კანონიერი გაფიცვების მოწყობა და შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება. ქვეყნამ, ჩინეთისგან განსხვავებით, მიიღო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგი კონვენციები მშრომელთა უფლებებზე. Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 44-ე ადგილზეა მსოფლიოს 198 ქვეყანას შორის: უსწრებს BRICS (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) და მექსიკას და უტოლდება ისეთ მეტ-ნაკლებად უპრობლემო გარემოს მქონე ქვეყნებს, როგორიცაა ჩეხეთი და ლატვია (ორივე 44-ე ადგილზე)”,- ნათქვამია სტატიაში.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, საქართველოს აქვს პრეფერენციული ვაჭრობის შეთანხმება 32 ქვეყანასთან, აშშ-ის ჩათვლით, თუმცა დღეს ამ უკანასკნელთან შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზეცაა საუბარი.

ავტორი აღნიშნავს, რომ ამჟამად, პრეფერენციების ზოგადი სისტემის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს შეუძლია რიგი პროდუქტების შეტანა ამერიკის შეერთებულ შტატებში საბაჟო გადასახადების გარეშე. აშშ-ს აქვს ჯანსაღი პოზიტიური სავაჭრო ბალანსი საქართველოსთან.

,,გარდა ამისა, საქართველომ ხელი მოაწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას ევროკავშირთან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან. უცხოელ ინვესტორებს მონაწილეობა აქვთ მიღებული სახელმწიფოს კუთვნილი ქონების პრივატიზაციების უმრავლესობაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ, რომელსაც საქართველოში საქმიანობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში უკვე განახორციელა ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციები. სასტუმროები, საავადმყოფოები, პორტის ტერმინალები, საბანკო სექტორი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შეადგენს ქვეყანაში ხსენებული კორპორაციის საინვესტიციო პორტფელის დიდ ნაწილს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ახლახან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ კორპორაციის პრეზიდენტმა, ადამ ბოილერმა გამოხატა ინტერესი საქართველოში კომპანიის რეგიონული ოფისის გახსნასთან დაკავშირებით, რომლის საქმიანობაც მოიცავს ქვეყნებს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. საქართველო და ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზა ჩინეთისთვის საქართველო წარმოადგენს შავი ზღვის გავლით ევროპისკენ მიმავალ მარშრუტს. ჩინეთი უკვე აკონტროლებს რამდენიმე პორტს მეზობელ თურქეთში, თუმცა საქართველოს საპორტო პროექტებში ინვესტიციების განხორციელება ჯერ ვერ მოახერხა. 2015 წელს ჩინეთის საოკეანო გადაზიდვების კომპანიამ და სატრანსპორტო კომპანიამ China Merchants Holdings განახორციელა 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია თურქეთის საპორტო ტერმინალში (კუმპორტი) მარმარილოს ზღვის ევროპულ ნაწილში, რომელიც შეემატა ჩინეთის 42 უცხოური პორტების რიცხვს. ჩინელებმა „ალყა” შემოარტყეს ხმელთაშუა ზღვას, მათ შორის პირეოსის (საბერძნეთი) აქციების საკონტროლო პაკეტის და გენუისა და მარსელის პორტების აქციების დიდი ნაწილი ხელში ჩაგდების გზით. „ისინი ინვესტიციებს ახორციელებენ საპორტო ლოგისტიკაში არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, – აცხადებს ნოზარ ჰაშემზადე (ეკონომიკის პროფესორი ვირჯინიის რედფორდის უნივერსიტეტში), – ისინი ყიდულობენ პორტებს ან მათი აქციების საკონტროლო პაკეტებს ყველგან, სადაც კი მიუწვდებათ ხელი”. პანდემიის გამო, შეჩერდა დიდი ინფრასტრუქტურული გარიგებების მნიშვნელოვანი ნაწილი. შავი ზღვის პროექტების უსაფრთხოება აშკარად გასათვალისწინებელია. ზოგიერთი მსხვილი პროექტი ჩავარდა. საქართველოს ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდა ჩინეთის ერთი სარტყლის – ერთი გზის გაყოლებაზე ტვირთის აუცილებელი მოცულობის უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო, რაც იქნებოდა შესაბამისი დაფინანსების წინაპირობა. შედეგად, პროექტი შეჩერებულია. ქვეყანაში უკვე არსებობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გარკვეული რაოდენობა და არსებობს იმედი, რომ საქართველო იქცევა მონაცემთა გლობალური ტრანზიტის ცენტრად, რომელიც ახალი მარშრუტებით ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპას, აზიას და შუა აღმოსავლეთს. 2019 წლის აგვისტოში „კავკასუს ონლაინმა” (ერთ-ერთი უმსხვილესი ტელეკომუნიკაციების კომპანია, რომლის დაახლოებით 1 000 კილომეტრის სიგრძის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები აკავშირებს რეგიონს ევროკავშირთან), ხელისუფლების წინასწარი თანხმობის გარეშე, მიჰყიდა თავისი აქციების 49% აზერბაიჯანულ კომპანიას. შემდეგ ეს შეთანხმება ჩავარდა, რადგან საქართველოს სურს ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს გავლით ერთმანეთთან დააკავშირებს ევრაზიის უმსხვილეს ბაზრებს. საქართველოს მიზნებშია თავისი სტრატეგიული წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების გამოყენება ევროპასა და შუა აღმოსავლეთს შორის დერეფნის შესაქმნელად, რის შედეგად სამხრეთ კავკასია გახდება მონაცემთა უსაფრთხო და სანდო მატარებელი”,- წერს გამოცემა.

სტატიის დასასრულს ამერიკის ელჩის , კელი დეგნანის ციტატაა მოყვანილი, რომლის თანახმად, ოქტომბრის ბოლოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება წარმოადგენს კიდევ ერთ შესაძლებლობას ქვეყნისთვის.

,,აუცილებელია ქვეყნის მდებარეობის გამოყენება, ეკონომიკური რეფორმების და ინვესტორთათვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და უცხოელი ინვესტორების მოზიდვა არა მხოლოდ ტურიზმში, არამედ სხვა სექტორებშიც, როგორც ეს ხაზგასმით აღნიშნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ. „საქართველომ მიაღწია ეკონომიკურ წარმატებას, – ამბობს იანუშ ბუგაისკი (ევროპის სტრატეგიული ანალიზის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი), – ისინი ცდილობენ, აქციონ ქვეყანა კავკასიის ირლანდიად”,- ნათქვამია ,,ფორბსის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები