“ვაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან, რათა საქართველოში საქმიანობის გადმოტანით უფრო მეტი გლობალური კომპანია დაინტერესდეს”

“გლობალური პანდემიის პირობებში, მაქსიმალურად ვმუშაობთ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, რადგან საქართველო მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, უცხოელი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი პლატფორმაა როგორც უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესგარემოს კუთხით ბევრ პოზიციაში ლიდერობს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ წარმატებული საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ბელგიიდან და აშშ-დან.

„საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების მომსახურებას მსოფლიოს წამყვანი გლობალური კომპანიები იყენებენ. ეს ადამიანები ჩამოდიან ჩვენთან, ეცნობიან საქართველოს შესახებ ინფორმაციას და რჩევას აძლევენ თავიანთ კლიენტებს, წარმატებულ კომპანიებს მთელ მსოფლიოში, რომ თუ ისინი წარმოების ან საქმიანობის სხვა ქვეყანაში გადატანას ფიქრობენ, საქართველო არის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი. მოხარული ვარ, რომ ბელგიიდან და აშშ-დან ჩამოსული კონსულტანტები ძალიან პერსპექტიულად უყურებენ საქართველოში მსხვილი უცხოური კომპანიების გადმოყვანას”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
​საქართველოში მყოფი ლოკაციების კონსულტანტებისთვის ეწყობა გაცნობითი ტური, რომლის ფარგლებშიც ისინი შეხვდებიან საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს. შედეგად, სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ სიღრმისეული ინფორმაცია საქართველოში ინვესტიციის პოტენციალზე და წარმატებული პროექტების შესახებ შეიტყონ.
საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ქვეყანას სტუმრობენ, როგორც ტრანსნაციონალური საინვესტიციო სააგენტოების – Location Perspectives და AngelouEconomics-ის წარმომადგენლები. მათ საერთაშორისო კომპანიებთან და საჯარო სტრუქტურებთან საინვესტიციო პროექტების კუთხით თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები