დავით ზალკალიანი: კახეთში უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს
“კახეთში უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კახეთში უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიების პროცესი. თუ საჭირო გახდა საერთაშორისო კუთხითაც ამ პროცესში დამატებითი ინფორმაციის მოძიება, ბუნებრივია, კომუნიკაციაში ვიქნებით ყველასთან. ვფიქრობ, ეს გამოძიება დადებს უკვე კონკრეტულ შედეგებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს სოფელ უდაბნოსა და ყვარლის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი გუშინ საღამოს ჩამოვარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.