დროებითი მოთავსების იზოლატორში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს
დროებითი მოთავსების იზოლატორში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ ბრალის წარდგენა მიმდინარეობს.
საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის თქმით, ბრალდებულების მიერ ჩადენილმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნა.
„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ფაქტზე ორი პირი დააკავა, დღეს მოხდება მათთვის ბრალდების ოფიციალურად წარდგენა. წარსადგენი ბრალდება გულისხმობს ბრალდებულების მიერ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენას, რაც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა შექმნა საფრთხე ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის, რომელიც, დაახლოებით, 3 500 ჰა შეადგენს. უამრავი საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებაა ჩატარებული, დაკითხულია ათეულობით მოწმე, ასევე არსებობს ექსპერტიზის არაერთი დასკვნა, მოპოვებულია რელევენტური კარტოგრაფიული მასალა, რუკები და მათი ანალიზის საფუძველზე ნამდვილად არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი იმისა, რომ ბრალდებულებს ბრალი წარდგენოდათ. მთავარი გარემოებაა შემდეგი, ბრალდებულებმა განზრახ, საქართველოს საწინააღმდეგოდ შეგნებულად არ გამოიყენეს ისეთი რუკები, რომელიც რეალურად ისტორიულად საქართველის მიკუთვნებულ საზღვრებსა და მონაკვეთებს საქართველოს ფარგლებში აქცევდა. მათ ამ კარტოგრაფიულ მასალას განზრახ გაუკეთეს იგნორირება”, – განმარტა საქმის პროკურორმა.