ადვოკატი: დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს
“საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ივერი მელაშვილი გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა.
ადვოკატის თქმით, მელაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
„ბატონი ივერი მელაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, გამორიცხავს გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას, რადგან მისთვის ეს ყველაფერი ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. მისი პოზიციით ეს ყველაფერი პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება, ეს არის მისთვის ერთადერთი ახსნა, თუ რატომ შეიძლებოდა, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო და, ზოგადად, ამ საქმის წამოწევა”, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე – ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი – ნატალია ილიჩოვა დააკავა.