დავით ნარმანია: სემეკ-ის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები სრულად ითვალისწინებს ევროპულ დირექტივებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა.

დავით ნარმანიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მარეგულირებელი ნორმების ეფექტურობასა და სემეკ-ის როლზე საქართველოს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. მან მადლობა გადაუხადა USAID-ის ენერგეტიკულ პროგრამას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

სემეკ-ის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში საქართველოს მოკლე, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე. დავით ნარმანიას თქმით, 2020 წელი ენერგეტიკის სექტორისათვის რეფორმირების პირველი წელია, რომელიც ელექტროენერგეტიკის ბაზრის სრულ მოდერნიზებას გულისხმობს.

„სემეკ-ში მიმდინარეობს მუშაობა ნორმატიული აქტების ბაზის შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას. ამ ეტაპისთვის სემეკ-მა დაამტკიცა ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ბაზრების წესები, ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის წესები, განცალკევების წესები და სხვა მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ნორმები. სემეკ-ის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები სრულად ითვალისწინებს ევროპულ დირექტივებს. წლის ბოლომდე სემეკ-ში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგულაციის შემუშავება და დამტკიცება, რომელიც მთლიანობაში შექმნის მყარ საფუძველს, რომ 2021 წლის ივლისიდან სრული დატვირთვით ამოქმედდეს ახალი ბაზრის მოდელი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის კონფერენცია გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საჯარო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები