კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორებთან საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის “მხარდაჭერა-2” ფარგლებში, კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ბიზნესოპერატორებთან შეხვედრები მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სურსათის უვნებლობის სპეციალისტები გადამამუშავებელი საწარმოებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების წარმომადგენლებს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპებსა და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს აცნობენ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით იმართება.
„ბიზნესოპერატორებთან კომუნიკაცია და მათი ინფორმირებულობის გაზრდა მნიშვნელოვანია, რათა HACCP-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მწარმოებლებმა შეუფერხებლად და სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დაცვით განახორციელონ საქმიანობა”, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოების სამმართველოს უფროსმა, თამარ ფირანიშვილმა.
ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებმა კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა ეტაპობრივად უნდა დანერგონ. აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილება (მუხლი 3). „ტექნიკური რეგლამენტების – სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის დამტკიცების თაობაზე” რეგულაციის თანახმად, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათისა (ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძის ფხვნილზე დამზადებული სურსათი, თევზი და თევზის პროდუქტები, კვერცხი და კვერცხის პროდუქტები, თაფლი) წარმოებას ან/და გადამუშავებას, 2021 წლის 1 -ელი იანვრიდან ვალდებულია, საქმიანობა HACCP-ის პრინციპების შესაბამისად განახორციელოს.
2021 წლის 1 -ელი ივნისიდან ანალოგიური ვალდებულება დაეკისრება ასევე ბიზნესოპერატორს, რომელიც საცალო ვაჭრობის პუნქტში ახორციელებს სურსათის წარმოებას/გადამუშავებას.
HACCP-ის სისტემის პრინციპების დაცვა 2015 წლის 1 -ელი იანვრიდან სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში; 2018 წლიდან სისტემის დანერგვის ვალდებულება დაეკისრათ იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ექსპორტისთვის განკუთვნილ გადამუშავებული თხილის გულს ამზადებენ.
კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის პრინციპები ჯერ კიდევ 1970 წელს აშშ-ში შემუშავდა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა.
HACCP-ი საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციასა და აღმოფხვრას გულისხმობს.მას ნერგავს და მართავს თავად ბიზნესოპერატორი. სისტემა 7 ძირითად პრინციპს ეფუძნება: საფრთხის ანალიზი;კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა; კრიტიკული ზღვრების დადგენა; მონიტორინგის პროცედურები; მაკორექტირებელი ქმედებები; გადამოწმება; ჩანაწერების წარმოება.