ლევან რატიანი: ბათუმისა და ქობულეთის კლინიკები, სადაც ვიყავი, კოვიდცენტრის მართვის კრიტერიუმებს შეესაბამება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან აჭარაში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა.
მისი თქმით, მოსახლეობამ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები უნდა დაიცვას.
“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვიყავით ჩამოსული რამდენიმე ადამიანი არა იმისთვის, რომ ვინმესთვის ჭკუა გვესწავლებინა, არამედ იმისთვის, რომ მდგომარეობა შეგვეფასებინა და ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა.
ბათუმსა და ქობულეთში თითქმის ყველა კლინიკაში ვიყავი, ყველგან – სადაც ვიყავი, აღჭურვილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც კოვიდცენტრის მართვის კრიტერიუმებს შეესაბამება. მთავარია ის, რომ აჭარაში კრიტიკული პაციენტები არ გვყავს.
კიდევ ერთხელ მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, შეიძლება – ვიყოთ ინფიცირებულები, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებულები. ჩვენი თავი და გარემო უფრო მეტად უნდა დავიცვათ. რეკომენდაციები უნდა დავიცვათ, იმედია, აჭარა მალე კოვიდინფექციისგან გათავისუფლდება”, – განაცხადა რატიანმა.