საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში ფრანგ კოლეგებთან არიან ხაზზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალასთან დაკავშირებით, რომელშიც სომხეთის რუკაზე საქართველოა მოქცეული.
საუბარია საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტის, ლორან ვოკიეს მიერ სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter) გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომელსაც თან ახლავს ფოტომასალა, სადაც ასახულია რუკა, რომელზეც სომხეთის საზღვრებში მოქცეულია საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. ვოკიეს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მისი ოფისი არწახისთვის გადასაცემ ჰუმანიტარულ დახმარებას ამზადებს.
“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში დაუკავშირდნენ და ხაზზე არიან ფრანგ კოლეგებთან”, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარი ნარჩემაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, “პირველადი მოკვლევით ეს გახლავთ რუკა, რომელსაც აქტიურად იყენებს საფრანგეთში მოქმედი ნაციონალისტური ხასიათის ორგანიზაცია და მას არანაირი კავშირი ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან არ აქვს. აღნიშნული შენობა, სადაც იმყოფება რეგიონის პრეზიდენტი ასევე წარმოადგენს ნაციონალისტური ორგანიზაციის ოფისს”.
თავის მხრივ, მომხდარს ასევე სოციალურ ქსელში საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული რუკა საფრანგეთის მთავრობის პოზიციას არ წარმოადგენს. ელჩი წერს, რომ საფრანგეთის რესპუბლიკისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხი, რაც ფრანგული მხარისთვის მნიშვნელოვანია.