დიმიტრი ხუნდაძე: კლინიკების 80% არის მზად, რომ საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსის მართვაში ჩაერთოს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კლინიკების 80% არის მზად, რომ საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსის მართვაში ჩაერთოს.

როგორც ხუნდაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, დაახლოებით, 43 კლინიკაში სამედიცინო პერსონალი გადამზადდა.

“ჩვენ გამოვიყენეთ ეს პერიოდი იმისთვის, რომ უკეთ მოვმზადებულიყავით მეორე ტალღისთვის. კლინიკების 80% არის მზად, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს კორონავირუსის მართვაში, მაგრამ დღეს არის მხოლოდ 31 კლინიკა, საჭიროება მეტი არ არის. დაახლოებით, 3000 საწოლია მობილიზებული. თუმცა, აქედან 800-ზე ცოტა მეტი დატვირთულია,  საჭიროების შემთხვევაში კი მოხდება ჩართვა.

სამედიცინო პერსონალი გადამზადდა, დაახლოებით, 43 კლინიკაში. ასევე, ოჯახის ექიმები, სოფლის ექიმები დაახლოებით 2500-მდე ადამიანი არის გადამზადებული, რომ პაციენტები მართონ არა მხოლოდ სტაციონარში, ბინაზეც. არსებული საწოლებიდან 836-ია მხოლოდ დაკავებული. ჯანდაცვის სექტორს, რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობის ზედა ზღვარი, თუმცა, დღეს არსებულ ვითარებაში ამის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ეს დამოკიდებულია საზოგადოების ქცევაზეც, რადგან ჩვენ ჯანდაცვის მაქსიმალური რესურსი არ უნდა ამოვწუროთ, უნდა ვეცადოთ, რომ თავი ავირიდოთ დაინფიცირებისაგან. ამისათვის არის რეკომენდაციები, რომ ნიღაბი უნდა ვიხმაროთ, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეებში. თუმცა, აჭარის შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ ღია სივრცეებშიც, განსაკუთრებით ისეთში, სადაც მაღალია სიმჭიდროვე, ფიზიკური დისტანციის დაცვა სადაც შეუძლებელია, მოხმარებული იყოს ნიღაბი. 65-70 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის რეკომენდაციაა, რომ დარჩნენ სახლში, რადგან წარმოადგენენ რისკჯგუფს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები