მაია ბითაძე: ბიძინა ივანიშვილის უნიკალური საჩუქარი თბილისისთვის საუკუნოვანი პროექტის დასაწყისია
„ქართუ ფონდის” დაფინანსებით, ძალიან მალე გაშენდება ვაკის პარკზე დიდი ცენტრალური პარკი, რომელიც უნიკალური იქნება როგორც დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ისე – მთელი ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის უნიკალური საჩუქარი თბილისისთვის საუკუნოვანი პროექტის დასაწყისია. როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ზრუნავს „ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ქალაქის სწორ ურბანულ განაშენიანებაზე და როგორ დიდ აქცენტებს აკეთებს ქალაქისთვის ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებზე -გამწვანებასა და გარემოს დაცვაზე.
„ეს არის ივანიშვილისა და მისი ოჯახის უცვლელი ხელწერა. უკვე მერამდენედ გამოისყიდა, პრაქტიკულად, გადაარჩინა, დღეს კი დედაქალაქს უნიკალურ ტერიტორიას ჩუქნის. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი საწინდარს დაუდებს ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას როგორც ვაკე-საბურთალოზე, ისე – სხვა უბნებშიც, რადგანაც, პრაქტიკულად, ეს ქალაქის გულია. საბოლოოდ, მივიღებთ ინფრასტრუქტურას, როგორიც განვითარებული ქალაქების მთავარ პარკებში არსებობს”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, ეს არის 50 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების უნიკალური საჩუქარი, რომლის მშენებლობასაც ათეულობით მილიონი დოლარი დასჭირდება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი საჩუქარი გაუკეთდება თბილისს.