ნიკოლოზ ჩხეტიანი: ფონდი „ქართუ“ იღებს ვალდებულებას, უახლოეს პერიოდში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მოაწყოს ახალი მულტიფუნქციური სარეკრეაციო ზონა, თბილისის ცენტრალური პარკი

“ფონდი „ქართუ“ იღებს ვალდებულებას, უახლოეს პერიოდში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მოაწყოს ახალი მულტიფუნქციური სარეკრეაციო ზონა, თბილისის ცენტრალური პარკი”, – ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გარემოს დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ფონდი „ქართუ“ არის ყველაზე ძველი და ყველაზე მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოში. 25 წლის განმავლობაში ფონდს განხორციელებული აქვს სამ მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის საქველმოქმედო პროექტი საქართველოში და ჩვენმა პროექტებმა მოიცვა, ფაქტობრივად, ყველა სფერო. ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას. ამ მხრივ ჩვენ განხორციელებული გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი. წლების განმავლობაში ვზრუნავდით ​თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებზე. აღდგენილი გვაქვს ჩვენი დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების ინფრასტრუქტურა.

როგორც მოგეხსენებათ, თბილისში მიმდინარეობს ურბანული ტყის აღდგენის პროექტი, რომელიც მოიცავს მთაწმინდის ფერდობსა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებს, რაც ძალიან მალე თბილისს გაუჩენს 700 ჰექტარის მოცულობის უნიკალურ ურბანულ ტყეს. დღეს კი ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა დავაანონსოთ უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისში გაჩნდება ახალი სარეკრეაციო სივრცე – თბილისის ცენტრალური პარკი. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გადაწყვეტილებით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საჩუქრად, უსასყიდლოდ გადაეცემა თბილისის მუნიციპალიტეტს და რაც მთავარია, ფონდი „ქართუ“ იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ უახლოეს პერიოდში მოაწყოს ამ ტერიტორიაზე ახალი მულტიფუნქციური სარეკრეაციო ზონა – თბილისის ცენტრალური პარკი. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ თბილისს ჰაერივით სჭირდება ახალი სარეკრეაციო ზონები. თბილისს ამ მხრივ უჭირს. გაიზარდა თბილისის მოსახლეობა. ეს პარკი მისცემს შესაძლებლობას ყველა მოქალაქეს, როგორც თბილისელს, ასევე – ჩამოსულ სტუმარს, რომ დაისვენოს და დატკბეს თბილისის ბუნებით. თბილისი ჩვენი სახლია და ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვზრუნავდეთ მასზე“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები