„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ქირურგმა, ვახტანგ ყიფიანმა 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

კომაში მყოფი ნათია ცირეკიძის საქმეზე ბრალდებულმა, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ქირურგმა, ვახტანგ ყიფიანმა 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ამის შესახებ ყიფიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

“დავტოვე საპატიმრო. დავუბრუნდი ოჯახსა და საქმეს. პირველი ნაბიჯი გადაიდგა ჩემი სიმართლის დამტკიცებისკენ. ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი – პირველ ყოვლისა, უსამართლობის განცდის გამო, მაგრამ არცერთი წუთით არ დამიკარგავს რწმენა, იმედი, რომ შევძლებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას.

მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა მთელს სამედიცინო საზოგადოებას ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის, ჩემს მეგობრებს, უამრავ ჩემთვის უცნობ ადამიანს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი განსაცდელი.

მადლობა ჯანდაცვის მინისტრს ჩართულობისთვის, მყისიერი რეაგირებისთვის.

იმედი მაქვს, სამართლის ყველა წესის დაცვით მივაღწევთ საბოლოო შედეგს და დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას“, – წერს ვახტანგ ყიფიანი.

ცნობისთვის, პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორი – გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი – ვახტანგ ყიფიანი რამდენიმე თვის წინ დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორ გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო, ვახტანგ ყიფიანს – 50 000-ლარიანი გირაო, მაგდა ხოჭოლავას კი დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები