შაქარაშვილის საქმის პროკურორი: მიმაჩნია, რომ გურამ ამირხანაშვილის ჩვენება მნიშვნელოვანი იყო
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, სასამართლომ გურამ ამირხანაშვილის ჩვენება უნდა გაითვალისწინოს, რადგან ეს მნიშვნელოვანია.
„მიმაჩნია, რომ მოწმე გურამ ამირხანაშვილის ჩვენება მნიშვნელოვანი იყო. სასამართლომ უნდა გაიზიაროს აღნიშნული მოწმის ჩვენება. დაისვა ყველა შესაბამისი შეკითხვა. მოწმემ, რა თქმა უნდა, მოახდინა გარკვეული პირების იდენტიფიცირება, იმ პირების, რომლებიც გამოძიებაშიც ჰყავდა იდენტიფიცირებული და ამოცნობილი. რაც შეეხება „მერსედესის“ ეპიზოდს, ჟვანიასთან დაკავშირებით მან განმარტა, რომ დაინახა, როგორ გადმოვიდა „მერსედესიდან“ მძღოლის გვერდითა სავარძლიდან და რკინის ხელკეტი დაარტყა კონსტანტინე ღიბრაძეს, ასევე, გიორგი ქათამაძეს, რის შემდეგაც გაიქცნენ. ასევე, დაინახა მანქანიდან გადმოსული ჟვანიას გარდა სხვა 5 პიროვნება, მათ შორის, გიგა ტატიაშვილი, რომელიც ამოცნობილი ჰყავდა. ასევე, დაინახა არასრულწლოვანი ლ.შ. და გიორგი მერაბიშვილი, რომლებიც გადაადგილდებოდნენ მათ უკან და ტელეფონის ნომერი სთხოვეს, ხოლო შემდეგ – როგორ დაედევნენ მათ. დევნა რომ შეჩერდა, მოწმემ დაინახა, რომ რვავე პიროვნება აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას გიორგი ქათამაძეს. რაც შეეხება „ტოიოტა ქამრის“, მოწმემ ნახა, მანქანის გაჩერებისთანავე როგორ გადმოვიდა 6 პიროვნება და მოახდინა ყველა მათგანის სახელითა და გვარით იდენტიფიცირება, მათი აღწერილობა და მიუთითა ყველა ის პირი, ვინც ავტომობილში იმყოფებოდა.
თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში, არჩილ გაგნიძემ მოუწოდა დანარჩენ პირებს, რომ ჩაესვა მანქანაში და მისი დატოვება არ შეიძლებოდა და არ დატოვებდნენ იქ. რის შემდეგაც, ყველა პირმა მიუთითა, რომ ჩამჯდარიყო ავტომობილში, მისი ნება იყო შეზღუდული, ავტომობილის დაძვრისა და გარკვეული მანძილის გადაადგილების შემდეგ, ხიდის მონაკვეთზე კვლავ სთხოვა, რომ გაეჩერებინათ ავტომობილი, თუმცა, ამაზეც კვლავ მიიღო ავტომობილში მყოფ პირთაგან უარი“, – განაცხადა გუგუტიშვილმა.