ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მთავარია არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება და ინვესტორებისთვის იმის ჩვენება, რომ საქართველო ეკონომიკურ განვითარებას სტაბილურად აგრძელებს
“მთავარია არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება და ინვესტორებისათვის იმის ჩვენება, რომ, მიუხედავად საარჩევნო მძაფრი ციებ-ცხელებისა, საქართველომ გადალახა ეს საარჩევნო ციკლიც და სტაბილურად აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, 2020 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა.
“წინასაარჩევნო ციებ-ცხელების, ყოველდღიური ნეგატივისა და ოპოზიციის დესტრუქციის მიუხედავად, გვაქვს პოზიტიური ახალი ამბებიც. საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აგვისტოში ეკონომიკა 5.3 პროცენტით შემცირდა. გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე მოსალოდნელი კლების მიუხედავად, აშკარაა, რომ ეკონომიკური კლების ტემპი არსებითად შემცირდა და აგვისტოში ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა. წინა თვეებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკის კლების ტემპი, კერძოდ, ივლისში კლება 5.5 პროცენტს, ივნისში 7.7 პროცენტს, მაისში 13.5 პროცენტს, ხოლო აპრილში 16.6 პროცენტს შეადგენდა. შესაბამისად, იანვარ-აგვისტოს საშუალო კლების მაჩვენებელი 5.6 პროცენტია და წლიური კუმულატიური კლება შემცირდა (იანვარ-ივლისის საშუალო კლება 5.8 პროცენტი იყო). მიუხედავად ცალკეულ სექტორებში შენარჩუნებული (მაგალითად ტურიზმის სექტორში) მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, ეკონომიკაში, ჯამურად, მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენცია შეინიშნება. აგვისტოში ეკონომიკური გაჯანსაღების კიდევ ერთ დამატებით ფაქტორს წარმოადგენდა ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით გაუმჯობესებული დინამიკა. აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა და 14.9 პროცენტი შეადგინა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა. ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 25.8 პროცენტით გაიზარდა და 184.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში მთავარია არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება და ინვესტორებისათვის იმის ჩვენება, რომ, მიუხედავად საარჩევნო მძაფრი ციებ-ცხელებისა, საქართველომ გადალახა ეს საარჩევნო ციკლიც და სტაბილურად აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას”, – წერს მჭედლიშვილი.