“მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით მინდა, განვუცხადო, რომ პურზე ფასების ზრდას არ ველოდებით მიუხედავად იმისა, რომ დიდი წნეხია”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგებია.
„ამ მომენტში ჩვენ სრულად ვაკონტოლებთ ფასს პურზე. ესაა ყველაზე მგრძნობიარე კატეგორია და მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით მინდა, განვუცხადო, რომ არ ველოდებით ფასების ზრდას მიუხედავად იმისა, რომ დიდი წნეხია.
ხორბლის მარაგები გვაქვს მაქსიმალური, 100 ათას ტონაზე მეტია ინდუსტრიული მარაგები წისქვილებში და ამას ემატება ფერმერების ადგილობრივი წარმოება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ფქვილის ფასი იყოს სტაბილური და არ ჰქონდეთ მეპურეებს პურის გაძვირების წინაპირობა. ვხვდებით ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ზეგაც გვექნება შეხვედრა მეპურეებსა და მეხორბლეებთან“, – აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება 9 სასურსათო პროდუქტის ფასის სავალუტო კურსის გავლენით ზრდისგან დაზღვევის პროგრამას – მინისტრის განცხადებით, პროექტისთვის გამოყოფილი 10 მილიონი სრულად არ დაიხარჯა და დაზოგილი თანხა სხვა პროექტების დასაფინანსებლად მიიმართა.
„რა თქმა უნდა, შორს ვართ აზრისგან, რომ ყველა ფასი პანდემიამდე ნიშნულზე დავიჭირეთ. ეს შეუძლებელია და ამას მთელი საბიუჯეტო რესურსი არ ეყოფოდა. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, რომელიც საქართველოს აქვს სოციალური და ეკონომიკური დახმარების ნაწილში პაკეტი იყო უპრეცენდენტოდ მაღალი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს. ამან შესაძლებლობა მოგვცა, რომ შევინარჩუნეთ დარგები, სექტორები“, – აღნიშნა მინისტრმა.