გიორგი გელხაური – შაქარაშვილის საქმეზე: სამწუხაროდ, არასრულწლოვნებს არ ეხება ნაფიცმსაჯულთა სასამართლო, თორემ ჩვენ ნამდვილად ავირჩევდით
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს უნდა გაირკვეს, სურს თუ არა სამ ბრალდებულს, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, არასრულწლოვნებს არ ეხება ნაფიცმსაჯულთა სასამართლო, თორემ ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებდნენ.
“სამწუხაროდ, არასრულწლოვნებს არ ეხება ნაფიცმსაჯულთა სასამართლო, თორემ ჩვენ ნამდვილად ავირჩევდით ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს, რადგან თავად სასამართლოს მიეღო გადაწყვეტილება, თავად საზოგადოებას ეფიქრა იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომელიც საქმეზე არის წარმოდგენილი და ჩვენ ნამდვილად მივანდობდით საზოგადოებას ამ საქმის განსჯას.
აუცილებლად გვექნება დღეს შუამდგომლობა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მათ ბრალეულობას დაადასტურებს”, – განაცხადა ზ.ხ.-ს ადვოკატმა.