მარინა ენდელაძე: კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევიდან 193 აჭარას, 43 კი თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევიდან 193 აჭარას, 43 კი თბილისს უკავშირდება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით არსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 20-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

„კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შორის კვლავ აჭარა ლიდერობს, 66 პროცენტით 193 ახალი პაციენტია გამოვლენილი აჭარაში, თბილისში არის 15 პროცენტი, 43 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, გურიაში გახლავთ 16 ახალი პაციენტი, იმერეთში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 11 პაციენტი, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 ახალი დადასტურებული, შიდა ქართლში – ოთხი, კახეთში – ორი, მცხეთა-მთიანეთში – ერთი.

მთლიანად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახლავთ 1 906. შესაბამისად, 3 348 პაციენტი გადის ამჟამად მკურნალობას კოვიდ-ცენტრებში, სასტუმროებსა და ძალიან მცირე რაოდენობით გახლავთ ბინაზე დატოვებული პაციენტები. ამ 3348 პაციენტიდან, კრიტიკულად მძიმე გახლავთ 20 პაციენტი, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე. ჩვენს ცენტრში გახლავთ 34 კოვიდინფიცირებული, მათ შორის სამი არის ახალი, მათგან ერთ-ერთი კრიტიკულად მძიმე. ზოგადად მძიმე პაციენტების რაოდენობა სამია, მათგან ერთი არის კრიტიკულად მძიმე.

ვხედავთ, რომ თბილისში ძალიან დიდი რაოდენობით არ არის, 15 პროცენტია მხოლოდ, მწვანე ზონაში ვართ ჯერჯერობით. ვფიქრობ, არ იქნება მატება, დღევანდელი დღე გარკვეულწილად საიმედოა, რადგან არ არის ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ ტესტების რაოდენობამ მოიმატა. ამიტომ ვფიქრობ, დასტაბილურდება და მოხდება ამ პროცესის შეჩერება“, – განაცხადა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები