ცესკო-ში ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
ცესკო-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თამარ ჟვანიამ შეხვედრის მონაწილეებს რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების სტატისტიკური ინფორმაცია სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციების შესახებ გააცნო. მან ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების შესახებ და აღნიშნა, რომ ცესკო-მ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა. ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე დეტალურად ისაუბრა ეუთო/ოდირ-ის იმ რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2020 პარლამენტის არჩევნებისთვის გაითვალისწინა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი იყო. მან აღნიშნა, რომ დოკუმენტი დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მოიცავს სამართლიანი და ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების აღიარებასა და პატივისცემას და ა.შ.
დღეს გამართულ შეხვედრაში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი – ჯილიან სტირკი, მოადგილე – ლუსინე ბადალიანი, მისიის წევრები ,, არჩევნების ანალიტიკოსი – პიტერ მიხალიკი და სამართლებრივი ანალიტიკოსი – მარლა მორი მონაწილეობდნენ. საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან კი შეხვედრას ცესკო-ს თავმჯდომარესთან ერთად მისი მოადგილე – გიორგი შარაბიძე, მდივანი – გიორგი ჯავახიშვილი, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და პრესსპიკერი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები