“მნიშვნელოვანია, შეურაცხმყოფელ ბრალდებას პასუხი გაეცეს” – დათო ტურაშვილი – “ცხინვალი 1920-ის” შესახებ

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა პასუხი გასცეს ისეთ ცილისწამებას, რაც მთელი ერისთვის შეურაცხმყოფელი ბრალდებაა. მეტიც, ვისაც შეუძლია, არგუმენტებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, ტყუილსა და ცილისწამებას დაუპირისპირდეს, ეს უნდა გააკეთოს კიდეც”, – ასე აფასებს მწერალი, დათო ტურაშვილი დოკუმენტური ფილმის, „ცხინვალი 1920“-ის გადაღების იდეას და მიიჩნევს, რომ დოკუმენტური კინოს ენა ხშირად ძალიან ეფექტური და ძალიან მასობრივი, პროფესიონალების შემთხვევაში კი – ძალიან დამაჯერებელია.

„1920 წელს მომხდარი მოვლენები რომ ეთნოკონფლიქტს არ უკავშირდება, ამის დამტკიცება, შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით, საკმაოდ ადვილია და საბჭოთა რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ არამხოლოდ ოსებს ან სომხებს, თვითონ ქართველებსაც კი იყენებდა აქტიურად და მაშინდელი დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ბოლშევიკ ოსებს უპირისპირდებოდა, არამედ – იმ ბოლშევიკ ქართველებსაც, ვინც დემოკრატიული საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა საბჭოთა რუსეთთან ერთად და მათი დავალებით.

1921 წელს საბჭოთა რუსეთმა დამოუკიდებელ საქართველოსთან დადებული 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება დაარღვია და ნაცვლად მანამდე წარმოებული აგენტური ბრძოლისა, ფართომასშტაბიანი საოკუპაციო ომი დაიწყო დემოკრატიული საქართველოს წინააღმდეგ და ,,წითელი რუსეთის,, ოთხი არმიის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას, სამწუხაროდ, მალე საქართველოს ანექსიაც მოჰყვა. ეს არის სიმართლე…“, – აღნიშნავს მწერალი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი წლებია, ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ 1920 წელს ქართველებმა ოსებს ცხინვალში გენოციდი მოუწყეს. ცხადია, არავითარ გენოციდს აქ ადგილი არ ჰქონია. ეს იყო რუსების ხელით, ფულითა და იარაღით მოწყობილი, ოსი ბოლშევიკების აჯანყება, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ იყო მიმართული. რუსეთი ცდილობს, საკუთარი პროპაგანდისტული ნარატივი მაქსიმალურად გაავრცელოს როგორც რუსეთსა თუ საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე. ამის პასუხად, ქართველი ისტორიკოსები და მკვლევრები იღებენ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც თავს მოუყრიან მხოლოდ ფაქტებს და ეცდებიან, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. ეს იქნება ერთგვარი პასუხი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ და საერთაშორისო საზოგადოებამდე სიმართლის მიტანის მცდელობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები