პროკურორი: გვაქვს მოლოდინი, რომ იაკობ ბრეგვაძის ჩვენება ბრალდებულებთან მიმართებით მამხილებელი იქნება
“იაკობ ბრეგვაძის დაკითხვიდან გვაქვს მოლოდინი, რომ მისი ჩვენება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებთან მიმართებით მამხილებელი იქნება”, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრეგვაძესთან კითხვები ექნება როგორც ბრალდების, ისე – დაცვის მხარეს.
„აღნიშნული მოწმე გამოკითხულია გამოძიებაში, მასთან ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი. შესაბამისად, იმ ინფორმაციის ირგვლივ, რასაც გამოძიებაში აწვდიდა, ბრალდების მხარეს გვექნება შეკითხვები, დაცვის მხარესაც ექნება შეკითხვები.
ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ იაკობ ბრეგვაძის ჩვენება მამხილებელი იქნება ბრალდებულებთან მიმართებით. დღეს, მოგეხსენებათ, კანონთან კონფლიქტში მყოფი 6 პირის პროცესი იმართება. მოლოდინი გვაქვს, რომ ექვსივე პირთან მიმართებით იაკობ ბრეგვაძის ჩვენება მამხილებელი იქნება. მასთან გამოძიების პროცესში ამოცნობა არ არის ჩატარებული იქედან გამომდინარე, რომ მას კონკრეტული პიროვნებების სახის მოყვანილობის, ინდივიდური ნიშან-თვისებები მითითებული არ ჰქონდა. თუმცა, ფაქტობრივ გარემოებებს – თავდასხმას, მის განხორციელებას, ორივე ავტომობილის მოსვლასა და პირების რაოდენობას, იქ განვითარებულ მოვლენებს მოწმე გამოძიებაში გამოკითხვის დროს ადასტურებდა. დღევანდელ პროცესზე ასევე იგეგმება, გამოკვლეული იქნას ვიდეომასალა და წერილობითი მტკიცებულებები”, – განაცხადა გუგუტიშვილმა.