მიხეილ რამიშვილი: კითხვებზე ის პასუხი გავეცი, რაც საჭიროდ ჩავთვალე, დანარჩენი პროკურატურამ გადაწყვიტოს
“მე კითხვებზე ის პასუხი გავეცი, რაც საჭიროდ ჩავთვალე. დანარჩენი გადაწყვიტოს პროკურატურამ, რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი და რა – უმნიშვნელო”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს.
„მიმართულება იქეთ ჰქონდათ, მე ხომ არ შევუკვეთე. ხომ არ ვიცოდი, რომ ეს სატელიტის სურათები იყო გაყალბებული. საიდან გავიცანი ეს ადამიანი (დავით ფურცხვანიძე) და ა.შ. გამოძიებას არანაირი ხელი არ შეშლია ამ ფოტოების გამო. თავიდანვე ხელი ჰქონდა შეშლილი, გამოძიება არასწორად მიდიოდა, დღესაც არასწორად მიდის და არასამართლიანად აგრძელებს. რაც დრო დაიხარჯა ამ აბსურდულ ძიებასა და იმ ქმედებაში, რომ მე ამ საქმეს ჩამომაშორონ, ჯობდა, ეს ენერგია და დრო საქმეში დაეხარჯათ და არა – ამ აბსურდულობაში. მე მჯერა იმის, რომ ავტომობილი იქ არ იდგა, მაშინ დამიდასტუროს პროკურატურამ ნამდვილი ფოტოსურათით და დავრწმუნდები, რომ ფურცხვანიძის სატელიტის ფოტო არის ყალბი. ექსპერტიზის დასკვნის არ მჯერა”, – განაცხადა რამიშვილმა.