პროკურორი: დაკითხვა დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა, რადგან მიხეილ რამიშვილი ხელოვნურად ცდილობდა კითხვებზე პასუხის თავის არიდებას და ემოციური გამოსვლებით სიტუაციას ძაბავდა
„ყველა კითხვა დაისვა საქმესთან მიმართებით. ჩვენს კითხვებზე ჰქონდა პასუხი, რომ “არ ახსოვს”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის დაკითხვის თაობაზე განაცხადა.
პროკურორის თქმით, დაკითხვა დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა, რადგან რამიშვილი კითხვებზე თავის არიდებას ხელოვნურად ცდილობდა.
„ყველა კითხვა დაისვა საქმესთან მიმართებით და ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქმეს, რასაც ჩვენ ვიძიებთ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ნაწილში. უმეტესი კითხვა, რაც დავით ფურცხვანიძეს უკავშირდებოდა, მიხეილ რამიშვილმა დაგვიდასტურა, თუმცა, იყო ძალიან ბევრი კითხვა, რაზეც არ ახსოვდა 10 სექტემბრის ან 15 სექტემბრის ან ახლო პერიოდის მიმოწერა. ასევე, მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რაც ჩვენ მის ტელეფონში ვნახეთ, ჩვენს კითხვებზე ჰქონდა პასუხი, რომ „არ ახსოვს”. დაკითხვა ჩატარდა, საბოლოოდ, საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში, რადგან მიხეილ რამიშვილი ხელოვნურად ცდილობდა კითხვებზე პასუხის თავის არიდებას და განგებ აჭიანურებდა და ძაბავდა სიტუაციას ემოციური გამოსვლებით. ეს არ არის ქცევა, როცა მოწმედ ვკითხავთ ადვოკატს. მეტი ვალდებულება აქვს ადვოკატს, მით უმეტეს, როცა დაზარალებულის ადვოკატს წარმოადგენს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და თუ ვინმემ ყალბი ინფორმაცია ან მტკიცებულება გადასცა, სრულყოფილად მიაწოდოს ჩვენება როგორც პროკურატურას, ასევე – სასამართლოს. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მივიღეთ მიხეილ რამიშვილის ემოციური გამოსვლები, დაძაბული ფონი, მაგრამ ჩვენ მიერ გამოკითხვისას მაინც დაზუსტდა ბევრი ის გარემოება, რაც დაეხმარება ამ საქმეზე გამოძიებას”, – განაცხადა საქმის პროკურორმა.