ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე საქართველოს დელეგაციამ რუსეთის მიერ 21-26 სექტემბერს მიმდინარე სამხედრო წვრთნებთან – „კავკასია 2020″ დაკავშირებით განცხადება გააკეთა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართულმა მხარემ ამ წვრთნების რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარება და მათში ამ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ბაზების მონაწილეობა დაგმო.
საქართველოს დელეგაციამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეში დარღვევა. ქართული მხარის განცხადებით, რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და იწვევს დესტაბილიზაციას რეგიონში.
ამ საკითხის ქვეშ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის დელეგაციებმა. გამომსვლელებმა ერთხმად დაგმეს სამხედრო წვრთნების საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარება და მოუწოდეს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. დელეგაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.