ვახტანგ გომელაური: დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში მნიშვნელოვანია კოორდინებული მუშაობა
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა – ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ – ნინო ქადაგიძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა – ვახტანგ გომელაურმა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა – გოგიტა თოდრაძემ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულები უკანასკნელ წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იქცა პოლიტიკის დონეზე პრიორიტეტულ მიმართულებად, რაზეც უწყების მიერ განხორციელებული არაერთი აქტივობა მეტყველებს.
„2018 წლიდან სამინისტროში მოქმედი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი აღნიშნულ დანაშაულებზე ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს და წარმოადგენს გარანტს იმისა, რომ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები არ დარჩება ყურადღების მიღმა. ვფიქრობთ, ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, როგორიცაა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინებული მუშაობა და საერთო სურვილი იმისა, რომ ქვეყანაში არსებული გარემო გახდეს კიდევ უფრო უკეთესი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.