პროკურორი – ბაჩალიაშვილის საქმეზე: ერთადერთი პიროვნება, ვინც ფიქსირდება ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლად, დავით ფურცხვანიძეა
დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მიხეილ რამიშვილს ე.წ. სატელიტის ფოტოები გაუგზავნა, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხა.
საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე ერთადერთი პიროვნება, ვინც ფიქსირდება ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლად, დავით ფურცხვანიძეა.
“ერთადერთი პიროვნება, ვინც ფიქსირდება ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლად, გახლავთ დავით ფურცხვანიძე. ეს შეეხება როგორც მის ჩვენებას, რაც სასამართლოში გააკეთა, ასევე, იმ მტკიცებულებებს, რაც გადასცა დამცველ ადვოკატებს და შემდგომ წარმოგვიდგინეს გამოძიებაში. ქალბატონმა თეონამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, მისი შვილი ჩართული იყო ყარაბაღის ომში, გარკვეულწილად – იარაღით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით და მოითხოვა ამ ფაქტის შესწავლა. როდესაც ჩვენ თეონა თამაზაშვილი დავკითხეთ მოსამართლის წინაშე, განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდა ინტერნეტ სივრციდან, ასევე, ამობეჭდილი სახით ჰქონდა წარმოდგენილი დაკითხვის დროს და ჩვენ წარმოგვიდგინა დავით ფურცხვანიძის კვლევა”, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. საქმე ეხება ე.წ სატელიტის ფოტოებს, რომლის საფუძველზეც მიხეილ რამიშვილი აცხადებდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, იმ ადგილზე სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიტანეს. პროკურატურის მტკიცებით, სატელიტის ფოტოები გაყალბებულია. ფოტოები მიხეილ რამიშვილს დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა.