„აგვისტოს ომის მუზეუმი“ „ცხინვალი 1920“-ის გადამღებ ჯგუფს ელოდება
„ჩვენ, ყველას, ქართველებსა და ოსებსაც გვჭირდება მართალი, პირუთვნელი ისტორია და არა – რუსეთის მიერ წაქეზებული, გაყალბებული, ცალმხრივი“, – ასე ეხმაურება ქართველი ისტორიკოსების მიერ დოკუმენტურ ფილმის, „ცხინვალი 1920“ -ის გადაღების პროცესს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ერგნეთში “აგვისტოს ომის მუზეუმის” დამფუძნებელი, ლია ჩლაჩიძე.
“ქალბატონმა ირინე გოჩაშვილმა მამცნო ფილმის “ცხინვალი 1920“ გადაღების შესახებ. ძალიან გამიხარდა, თან ძალიან დავიძაბე. რეალობაში ეს არის პირველი პრეცედენტი – დოკუმენტურ მასალებსა და წყაროებზე დაყრდნობით, ითქვას სიმართლე, რაოდენ მძიმეც უნდა იყოს ორივე მხარისთვის. ჩვენ, ყველას, ქართველებსა და ოსებსაც გვჭირდება მართალი, პირუთვნელი ისტორია და არა – რუსეთის მიერ წაქეზებული, გაყალბებული, ცალმხრივი. სამხრეთ ოსეთის ე.წ.რესპუბლიკის – ალანიას საინფორმაციო სივრცეში არსებობს საიტი – Геноцид Осетин, სადაც რუბრიკები აქვთ: 1920 წლის გენოციდი, 1989-2992წ. გენოციდი და 08.08.08. გენოციდი… და რაც უნდა პარადოქსად გეჩვენოთ, 14 პერმანენტული გენოციდი სამხრეთ ოსეთისაა: 1320 წლიდან – 2008 წლის აგვისტოს ჩათვლით. დღეს შეგნებულად გადავათვალიერე მასალები. მძიმეა, მაგალითად, ძარის ტრაგედიის კადრები. უმძიმესია. მაგრამ რატომ ცალმხრივი? მოიგონეს ტერმინი “ქართული ფაშიზმი”… ამას დოკუმენტებით უნდა გაეცეს პასუხი. ბოდიშს მოვუხდი ჩემს ოს მეგობრებს სისხლის, ცრემლის, სიკვდილის გამო, მაგრამ ისინი მომიხდიან ბოდიშს ჩემი მეუღლის, მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილის გამო, 1991 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის ღამეს რომ დაადუღეს ტყვიებით სოფელი ერგნეთი?
ამ ფილმის შექმნა უდიდესი საქმეა ჩვენი, ეროვნული იდენტობისათვის, რადგან ისტორიის გადაწერით, გაყალბებით საფუძველი ეყრება ჩვენი საზოგადოებრივი მეხსიერების გაყალბებას, დეზინფორმაციის გავრცელებას მომავალი თაობებისა და მათ გაწირვას ტყუილში ცხოვრებისათვის. ამით ლეგიტიმური ხდება სეპარატიზმი, ქართველების ეთნიკური წმენდა. ფილმის გადამღებ ჯგუფს კი ვურჩევდი, სოფელ ერგნეთში, საოკუპაციო ხაზიდან ორასი მეტრის დაცილებით მდებარე “აგვისტოს ომის მუზეუმის” ბუნებრივ სივრცეში გადაიღოს ქართველთა გენოციდის ერთ-ერთი ეპიზოდი. გელოდებით სულმოუთქმელად!”, – ამბობს ლია ჩლაჩიძე, „აგვისტოს ომის მუზეუმის“ დამფუძნებელი.