კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა” ახლა კვლევების გაყალბებითაა დაკავებული
“როდესაც „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში იყო, არჩევნებს აყალბებდა, ახლა ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგებთან დაკავშირებული კვლევების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ის, რაც გუშინ აჩვენეს, ყველაფერს ცდება.
„ბოლო დროს ძალიან ბევრი კვლევა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი შემიძლია, ვთქვა, თუ წინა წლებში, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში იყო და აყალბებდა არჩევნებს, ახლა ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით. ბოლო კვირებში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მომზადებული კვლევები ვნახეთ, ტელევიზიების კვლევები. შეიძლება, იყოს დავა და მსჯელობა, თუ ვინ ჩაატარა და როგორი მეთოდოლოგია იყო, მაგრამ ის, რაც გუშინ აჩვენეს, ყველაფერს ცდება”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ყველაფერი შედარებითია და საზოგადოებისთვის არჩევანი მარტივი გასაკეთებელი იქნება.
„ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება. ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ ხოლმე, როდესაც მათი მმართველობის 9-წლიან პერიოდზე ვსაუბრობთ. მეც არ მომწონს, როდესაც ამის შეხსენება გვიწევს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. რადგან ეს პოლიტიკური პარტია ჯერ კიდევ არის პოლიტიკურ ველზე, უნდა გავაკეთოთ შედარებები, რა იყო წარსულში, რა გვაქვს დღეს და როგორი საქართველო გვინდა, საით მივდივართ. არჩევანის გაკეთება საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, ძალიან მარტივია”, – განაცხადა კალაძემ.
IPSOS-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 25 % „ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას” – 15,5 %, „ევროპულ საქართველოს” – 5 %.