შოთა ფეიქრიშვილი: სასაცილოა – მამუკა ხაზარაძე, რომელმაც გაძარცვა საქართველო და ქართველი ხალხი, გაბედნიერებას გვპირდება
“მამუკა ხაზარაძემ 1989 წლის 18 თებერვალს კეტით დაარბია მერაბ კოსტავას მიტინგი. დიახ, ხელს ვადებ ხაზარაძეს”, – ამის შესახებ ეროვნული მოძრაობის ვეტერანი, შოთა ფეიქრიშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარის შესახებ საუბრობს.
მისივე თქმით, ხაზარაძეს მხოლოდ დეპუტატის იმუნიტეტი აინტერესებს.
“1989 წლის 18 თებერვალს კეტით დაარბია მერაბ კოსტავას მიტინგი. დიახ, ხელს ვადებ მამუკა ხაზარაძეს, ეგ იყო. ხაზარაძე და სხვა კომკავშირელები ჯოხებითა და ხელკეტებით პირდაპირ სულმნათი მერაბისკენ დაიძრნენ. პირველ რიგებში ვიდექი, ამიტომ, პირველი დარტყმა სხვა ახალგაზრდებთან ერთად მეც მივიღე. მადლობა ღმერთს, ჩვენთან ერთად ახალგაზრდა მორაგბეები იყვნენ, რომელთა მოწოდებით გავაკეთეთ ცოცხალი ჯაჭვი, რომ გავეშებული “კომსომოლები” მერაბიმდე არ მიგვეშვა. რამდენიმე დარტყმა მეც მივიღე, თუმცა, საერთო ძალით შევძელით ნაძირალა ხაზარაძისა და მისი დამქაშების უკუქცევა და, მერაბის ბრძნული გადაწყვეტილებით, შევქმენით დერეფანი, რომ ქართველების სისხლი არ დაღვრილიყო. ხაზარაძეს ჰგონია, რომ 31 წლის წინანდელი ამბავი შერჩება, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალია იმდროინდელი ამბების ბევრი მონაწილე, რომელიც დაადასტურებს მის ავკაცობას.
ძალიან სასაცილოა, რომ ვინც ეკლესიაში, ლოცვისა და სანთლის ანთების უფლებას არ გვაძლევდა, სწორედ ეს ფარისევლები დგანან დღეს ეკლესიაში უზარმაზარი სანთლებით, ვინც ზვიადსა და მერაბს ებრძოდა, სწორედ ისინი იჩემებენ საქართველოს პატრიოტობას.
პირდაპირ სასაცილოა – ხაზარაძე, რომელმაც გაძარცვა საქართველო და ქართველი ხალხი, გაბედნიერებას გვპირდება. არადა, მაგას მხოლოდ პარლამენტში შეძრომა და დეპუტატის იმუნიტეტი აინტერესებს, ნაძარცვი მილიონები რომ შეინარჩუნოს.
მინდა, პირადად მივმართო: მამუკა ხაზარაძევ, მერაბ კოსტავაზე ხელის აღმმართავ გარეწარს პოლიტიკაში არაფერი გესაქმება, შენი ადგილი ციხეშია”, – განაცხადა ფეიქრიშვილმა.