მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ერთ დონეზე რჩება, რაც სტაბილიზაციის მაჩვენებელია
“ის, რომ ერთ დონეზე რჩება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა, სტაბილიზაციის მაჩვენებელია, ლოკალიზაციისკენ მივდივართ”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ეზუგბაია იმედოვნებს, რომ ყველაზე “ცხელ” წერტილში – აჭარაში, დაავადების ლიკვიდაცია მალე მოხდება.
„ერთ დონეზე რომ რჩება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა, ეს არ არის ცუდი. ეს არის სტაბილიზაციის მაჩვენებელი და იმედია, რომ ყველაზე „ცხელ“ რეგიონში, აჭარაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით, ერთი და იგივე ციფრებია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ. იმედია, რომ მალე ლიკვიდაცია მოხდება. დანარჩენი „ცხელი“ წერტილები თქვენ ხედავთ, რომ არ არის ძალიან დიდი რაოდენობით და მათ ლოკალიზაცია-ლიკვიდაციასაც ალბათ ეყოფა ხანმოკლე პერიოდი.
რაც შეეხება ტესტებს – აგვისტოს შუა რიცხვებში დაახლოებით 7 ათასი ტესტი კეთდებოდა დღის განმავლობაში და გაორმაგებულია ამ ტესტების რაოდენობა. 4-5 დღის წინ იყო ყველაზე მცირე რაოდენობა 11 128 ტესტი გაკეთდა. ორ დღეში გახლდათ 13 226 ტესტი. უფრო მზარდია ამ ტესტების რაოდენობა და არა კლებადი.
დღევანდელი საწოლფონდი 1981 პაციენტსაც გაწვდება და მეტსაც. ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სტაბილიზაციაა და მივდივართ ლოკალიზაცია-ლიკვიდაციისკენ, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პროგნოზირება ძალიან ძნელია, ყველაფერი გათვლილი უნდა იყოს. იცით, რომ მომზადდა სასტუმრო ჰოსპიტლები, სადაც გადადიან უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები, აღნიშნულის გათვალისწინებით, ყოველდღიურად ხდება სტაციონარების განტვირთვა და თავისუფალი საწოლების გამოთავისუფლება. ჯერჯერობით, დღევანდელ პირობებში, დადასტურებული პაციენტების მზარდი რაოდენობაც თავისუფლად დაეტევა სტაციონარულ საწოლებში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.