ნინო ჩხობაძე – დასუფთავების აქციებში კომპანიების ჩართულობაზე: ბევრი გამოგვეხმაურა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია
დღეს საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო – 2020“ დაიწყო. დილიდან საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციები მოეწყო.
აქციებს სხვადასხვა კომპანიაც შეუერთდა. ერთ-ერთი მათგანი „ჯორჯიან მანგანეზია“, რომლის ჩართულობით დასუფთავების აქციები ჭიათურასა და ზესტაფონში არაერთ ლოკაციაზე გაიმართა.
საერთაშორისო კამპანიასთან დაკავშირებით, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ ისაუბრა, რომელიც საქართველოში კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
მისი თქმით, დასუფთავების აქციაში ყველას ჩართვა მნიშვნელოვანია, იქნება ეს სხვადასხვა კომპანია, პოლიტიკური გაერთიანება თუ რიგითი მოქალაქე.
„ჩვენ აქციის ჩართვაზე მიმართვა გავაკეთეთ ყველგან, პრაქტიკულად, მთელს საქართველოში. ბევრი კომპანია გამოგვეხმაურა. მეტსაც გეტყვით, ჩვენ არჩევნების პერიოდში ვართ. მივმართეთ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას. ბევრი მათგანი გამოგვეხმაურა, ჩვენ გვერდით არიან, მუშაობენ სხვადასხვა ტერიტორიაზე, ასუფთავებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ვიმედოვნებ, ბევრი ადამიანი აიტაცებს ამას. სულ არ არის სავალდებულო ორგანიზებულად დიდი აქციების ჩატარება. საკმარისია, საკუთარ ეზოს, კარ-მიდამოს, ქუჩას მოვუაროთ. ესეც უკვე წვლილია დასუფთავების აქციისთვის“, – განაცხადა ჩხობაძემ.
მისივე თქმით, დასუფთავების აქციები 19 და 20 სექტემბერსაც მოეწყობა.
შეგახსენებთ, რომ დასუფთავების მსოფლიო კამპანია პირველად 1993 წელს აღინიშნა და ერთ-ერთ ყველაზე მასშატაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას წარმოადგენს, რომელშიც მილიონობით ადამიანია ჩართული. საერთაშორისო კამპანიას საქართველო აქტიურად 2010 წლიდან შეუერთდა. 2020 წლის დასუფთავების მსოფლიო კამპანიის გზავნილია: „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“.
საქართველოში აღნიშნული კამპანიის ორგანიზატორები არიან: „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და “საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ორქისი“.