პროკურორი: ვადასტურებთ, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში თვითმკვლელობაზე საუბრობს

“ვადასტურებთ, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში თვითმკვლელობაზე საუბრობს”, – ასე უპასუხა პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე “რუსთავი 2- ის” შეკითხვას ვიდეოფაილებთან დაკავშირებით.

ამირან გულუაშვილმა იმ ვიდეოფაილებზე ისაუბრა, რომელიც youtube-დან, თამარ ბაჩალიაშვილის პირადი გვერდიდან ამოიღეს.

“საქმეში ნამდვილად მოიპოვება ვიდეო, ისევე როგორც აუდიომასალა, რომელიც საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია ნამდვილად. ვადასტურებთ, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე. ვიდეო ასახავს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას”, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

კითხვაზე – გასაჯაროვდება თუ არა, პროკურორი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს იმის გათვალისწინებით, რომ არ დაზიანდეს არც გამოძიების და არც – სხვა პირების ინტერესი.

“ამ ეტაპზე არ არის საუბარი არავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე. საუბარია იმაზე, რომ ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება და ეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მონაწილეობით. საქართველოს პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს რომ მსგავსი შემთხვევებისას ყველა კითხვის ნიშანი იქნეს გარკვეული, ყველა მტკიცებულება იქნეს მოპოვებული იმისათვის, რომ დავადგინოთ, ვინ, რატომ და რა მიზნით ცდილობს საზოგადოების და გამოძიების შეცდომაში შეყვანას და რა მიზანს ემსახურება ამგვარი ფოტომასალის შექმნა და სამართალდამცავ ორგანოებში წარმოდგენა. ყველა ვერსია იქნება გადამოწმებული და ობიექტური მტკიცებულებების საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები