მაია ცქიტიშვილი: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად, ჩვენი კავშირები ყველა სავაჭრო პარტნიორთან ბევრად უფრო სწრაფი ხდება
“საერთაშორისო ავტომაგისტრალების მშენებლობის მიმართულებით რიცხვები შთამბეჭდავია, თუ 2012 წლამდე, რვა წლის განმავლობაში აშენდა 68 კმ გზა, მხოლოდ წელს, ჯამურად, გავხსნით 70 კმ გზას”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„ეს არის ინტენსიური შრომის შედეგი. ამაში არ არის მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციების, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გზების დეპარტამენტის შრომა, ეს არის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან კარგი თანამშრომლობის დამსახურება. ძირითადად, ყველა საერთაშორისო პროექტი ფინანსდება საერთაშორისო პარტნორებისა და ბანკების მიერ, რომელთა წესების მიხედვით ხდება როგორც შესყიდვების პროცედურების გამართვა, ასევე – სამუშაო პროცესზე ზედამხედველობა და სამუშაოების ჩაბარება, რაც განაპირობებს მაღალ ხარისხს.
ეს ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სავაჭრო ინტეგრირების აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენ ისტორიულად ვართ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად, ჩვენი კავშირები ყველა სავაჭრო პარტნიორთან ხდება ბევრად უფრო სწრაფი, უფრო საიმედო, უფრო მაღალი გამტარუნარიანობის, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩნდება საქართველოში საწარმოებისა და ტვირთების მომსახურე ცენტრების განთავსების პირდაპირი ინტერესი, ეს კი დამატებითი შემოსავალია ჩვენი ეკონომიკისთვის“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.